გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „პომონა“-ს ვაშლის ბაღში პირველი მოსავლის აღებას დაესწრო. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პროგრამის - ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ინტენსიური ბაღის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა, წელს, 80 ტონას შეადგენს. კოოპერატივმა, ნერგების, სარწყავი და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობისათვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების სახით 220 000 ლარი მიიღო. „პომონა“, ასევე, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია და 620 000 ლარიანი სესხით სარგებლობს.
„პროგრამა „დანერგე მომავალი“ აერთიანებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას და ტექნოლოგიას, რაც საშუალებას აძლევს ფერმერს გააშენოს თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღოს მაღალი ხარისხის, უხვი მოსავალი. ეს კოოპერაციული ბაღი ამის ნათელი მაგალითია. რამდენიმე წლის წინ, ასეთი მეურნეობები საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის - წარმოების სხვადასხვა ეტაპზე თანადაფინანსების და მხარდაჭერის, ტექნიკური დახმარების და ცოდნის გაზიარების შედეგად, დღეს სხვადასხვა კულტურაში გაშენდა ათეულობით ასეთი ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღი. იმედი გვაქვს, რომ სწორედ მსგავსი თანამედროვე მეურნეობების შექმნა-განვითარებით, ის ჩარევა, რასაც დღეს სახელმწიფო არასტანდარტული მოსავლის დაბინავების კუთხით ახორციელებს, საჭირო აღარ იქნება. ჩვენი ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მარალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქცია და დააკმაყოფილონ არა მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნა, არამედ გავიდნენ საექსპორტო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ხეხილის ბაღები 2 387 ჰა-ზეა გაშენებული, სახელმწიფო თანადაფინანსება კი, ჯამში, 16 მლნ ლარს შეადგენს.