უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან იუბილეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება, - აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.
„ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა, ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, ასევე, იკრძალება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ღია სივრცეებში გამართვა.
შეგახსნეებთ, რომ აღნიშნული რეგულაციების შეუსრულებლობაზე შესაბამისი სანქციებია გათვალისწინებული და ხელისუფლება საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.