საზოგადოება
09.09.2020 11:45
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველა წინაპირობას ქმნის იმისთვის, რომ წელს, ვაშლის მოსავალი უპრობლემოდ დაბინავდეს.
შტაბის გახსნას ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სამრეწველო ვაშლის შეუფერხებლად გადამუშავების ხელშეწყობისთვის, გორში საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. გასულ წელთან შედარებით, წელს, ვაშლის მოსავალი სამჯერ მეტია. შესაბამისად, მოსავლის დაბინავება-გადამუშავება სიმძლავრეების გაზრდას და სახელმწიფოს მხარდაჭერას, მათ შორის სუბსიდიას საჭიროებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფასები გლობალურად არის შემცირებული. იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერების ინტერესები იყოს გათვალისწინებული და მათი შრომის ანაზღაურება დაფასებული, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს მოახდინოს მაქსიმალური რაოდენობის ვაშლის გადამუშავება. გარდა ამისა, აგროკრედიტის პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი, რაც კომპანიების იაფ ფულად რესურსებზე წვდომის და გაზრდილი ფასით მეტი ვაშლის შეძენის საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, სახელმწიფო ყველა წინაპირობას ქმნის იმისთვის, რომ წელს, ვაშლის მოსავალი უპრობლემოდ დაბინავდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბდსიდირების შესახებ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.
როგორც GMnews - სთვის გახდა ცნობილი, 2020 წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ მეტია.
კვირის ამბები