სურამის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და გაწმენდის სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი კი, მომდევნო წლისთვის კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის კომპლექსური რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაა.
წინასარეაბილიტაციო ეტაპი ციხის შიდა ტერიტორიის 1000 კვ/მ ფართობზე მიწის 50 სმ-იანი ფენის მოხსნას ითვალისწინებს. ასევე, მოხდება კომპლექსის სათავსოს არქეოლოგიური შესწავლა, გაიწმინდება სასახლე და კოშკი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არქეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოების ღირებულება 30000 ლარია. სურამის ციხეზე გამწნდითი სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ობიექტზე (სურამის ციხეზე) მიმდინარე წინასარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა, სადაც მხარეებმა დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციები გაცვალეს.
„სურამის ციხეზე არქეოლოგიური და შემდგომ - სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, შიდა ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვალში დავგეგმეთ სურამის ციხეზე განსახორციელებელი სამუშაოები. დაბა საკურორტო ზონაა, ამიტომ მისი განვითარებისთვის საჭიროა აქ არსებული ისტორიული და კულტურული ობიექტების მოწესრიგება. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რომლის დასრულების შემდგომ ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.