კომედიის თეატრალური ფესტივალი ბრუნდება. თეატრალური საზოგადოების მიერ აღიარებული კულტურული ღონისძიების უცვლელი მასპინძელი, ტრადიციულად, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრია, თუმცა, წელს ფესტივალი შედარებით მცირე მასშტაბების იქნება და მასში მხოლოდ ხუთი თეატრი მიიღებს მონაწილეობას.
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, წარმოდგენები ღია სივრცეში, ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში გაიმართება. რაც შეეხება ფესტივალის აფიშას, GMnews-ის ინფორმაციით, კომედიური ჟანრის მხოლოდ ფესტივალის ფარგლებში გასამართი სპექტაკლების ნაწილი იქნება და ასე გამოიყურება:
13 სექტემბერს, ფესტივალს, ტრადიციულად კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის სპექტაკლით - „ცუდი ბიჭები“ (რეჟ: ანი ხიდეშელი).
14 სექტემბერს კი, კომედიის ფესტივალის ფარგლებში გორის თეატრი წარმოგიდგენთ ელენე მაცხონაშვილის რეჟისორულ ნამუშევარს - „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”.
როგორც ერისთავის სახელობის თეატრში ამბობენ, სპექტაკლი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და შემოსული თანხით ერისთავის თეატრის მსახიობს, გია მაყაშვილს დაეხმარებიან.
15 სექტემბერს, მაყურებლის წინაშე ილიაუნის თეატრი წარსდგება და „ჟლეტის ღმერთს“ (რეჟ: დავით ჭაბაშვილი) ითამაშებს.
„ჭკუისა მჭირს“ - მსგავსი სახელწოდების წარმოდგენას კი, 16 სექტემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის თეატრი ითამაშებს.
17 სექტემბერს, ბოლო საფესტივალო დღეს, სცენას გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი დაიკავებს და რეჟისორ სოსო ნემსაძის „შექსპირ-ბადეს“ მოირგებს.
„სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში მხოლოდ სპექტაკლის დღეს, ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ ნომრებზე: 577954234; ან577 390 350. წარმოდგენები 20:00 საათზე, ერისთავის თეატრის უკანა ეზოში გაიმართება. უსაფრთოხების მიზნით, მაყურებელი დაიშვება სიით, გთხოვთ ბილეთის ყიდვის ან დაჯავშნის დროს მიუთითოთ ყველა ვიზიტორის სახელი და გვარი“, - ნათქვამია ერისთავის სახელობის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.