ამომრჩეველი უბანზე პირბადის გარეშე არ დაიშვება, ასევე, ვმუშაობთ ინდივიდუალური კალმის შეთავაზებაზეც, თუმცა, ამ ეტაპზე სიცხის გაზომვა არ განიხილება, - აღნიშნულის შესახებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განცხადა. მისი თქმით, ცესკომ ზედმიწევნით შეისწავლა იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში არჩევნები ჩატარდა.
ამასთან, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდება. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვას არ განიხილავენ.
„მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახანს პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს. ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე ვერ შევა საარჩევნო უბანზე, თუმცა მას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით. ასევე ვვარაუდობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი. რაც შეეხება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების უსაფრთხოებას, ბუნებრივია, ისინი აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ფარებით. გარდა ამისა, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. ასევე, სისტემატურად მოხდება საუბნო-საარჩევნო კომისიების დამუშავება სპეციალური ხსნარებით და იმედი გვაქვს, ეს პროცესი წარიმართება ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში. მას შემდეგ, რაც საუბნო-საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, ნებისმიერი პირი ვინც შევა უბანზე, კომისიის წევრები თუ პარტიების წარმომადგენლები, ვალდებული იქნებიან, გაიარონ თერმოსკრინინგი. ეს წესი მოქმედებს საოლქო-საარჩევნო კომისიებზეც. ამ ეტაპზე არჩევნების დღეს ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვა არ განიხილება“, - აღნიშნა მიქელაძემ.
ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ახალი ცვლილებების თანახმად, ცესკო იღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო ზონებში ან საკარანტინო სივრცეებში არჩევნების ჩატარებასთან ან არჩატარებასთან დაკავშირებით. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, მათი პოზიციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა, ეს საკითხი ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.