საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების დარიგების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გაჩნდა, მოესწრება თუ არა 15 სექტემბრამდე ყველა სახელმძღვანელოს დაბეჭდვა და სკოლებისთვის გადაცემა.
აღნიშნულის თაობაზე GMnews-მა განათლების სამინისტროს გორის რესურსცენტრს მიმართა.
რესურსცენტრის უფროსის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
,,გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სახელმძღვანელოების უდიდესი უმრავლესობა მიღებული გვაქვს და დასაწყობებულია მე-12 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, ნაწილი უკვე გაცემული გვაქვს, ნაწილის დალაგება ხდება სკოლების მიხედვით და უახლოეს დღეებში გადაეცემათ. ყოველ შემთხვევაში, სწავლის დაწყების პირველ დღეს, ჩვენი სკოლების ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელო ექნება.
უფრო კონკრეტულად, ფაქტობრივად, სახელმძღვანელოების 90%-ზე მეტი უკვე მიღებული გვაქვს, დარჩენილია მცირე რაოდენობა და ორ დღეში მოხდება ამ სახელმძღვანელოების მიღებაც. ეს ეხება ყველა კლასს და ყველა სახელმძღვანელოს, რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსწავლეებს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.