საზოგადოება
07.09.2020 14:23
გორში საწარმოო ვაშლის ჩაბარება დაიწყო
საწარმოო ვაშლის ჩაბარება გორში დღეიდან დაიწყო. აღნიშნულის შესახებ GMnews-თან სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ განაცხადა. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა არასტანდარტული (მეორეხარისხოვანი, დაზიანებების მქონე) ვაშლის სუბსიდირების პროექტის დაწყებას გეგმავს. ფერმერი ერთი კგ. ვაშლის რეალიზაციისას, დაახლოებით, 22 თეთრს მიიღებს, საიდანაც 10 თეთრი მთავრობის სუბსიდია იქნება. მამუკა ლომსაძის თქმით, ხვალ შიდა ქართლში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილსაც ელოდებიან, რომელიც სახელმწიფო პროგრამას ოფიციალურად წარადგენს.
„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბდსიდირების შესახებ, რომელიც 10 თეთრით განისაზღვრა. რაც შეეხება ფასს, რომელსაც ჩამბარებელი გადაიხდის, 12 თეთრი იქნება, ანუ, საბოლოოდ, გლეხები და ფერმერები 1 კილოგრამ დაზიანებულ ვაშლში არანაკლებ 22 თეთრს მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის, ე.წ. ნაქარი ვაშლის მიღებას კონცენტრატის დამამზადებელი ხუთი საწარმო - შპს „კულა“, შპს „ნატურა 7“, შპს „ჯეოფრუტი“, შპს „ლილე“ და შპს „ბიოჯუსი“ ახორციელებს. ხვალიდან კი, აღნიშნულ ჩამონათვალს კიდევ ორი ობიექტი შეემატება“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.
როგორც ცნობილია, ყველა ის კომპანია, რომელიც სპეციალურად ვაშლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით შეიქმნება და შემსყიდველ შტაბში ჩაერთვება, 2020 წლის დეკემბრამდე იმუშავებს.
კვირის ამბები