საზოგადოება
07.09.2020 13:18
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა განმეორებითი რეგისტრაცია გამოცხადდა
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო 2-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვების ბაღში მისაღებად განმეორებით რეგისტრაციას აცხადებს.
GMnews-ის ინფორმაციით, მსურველებმა, შესაბამისი აპლიკაცია, ისევ ონლაინ რეჟიმში, სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე უნდა შეავსონ.
„ვაცხადებთ განმეორებით რეგისტრაციას მხოლოდ იმ ბაღებში, სადაც თავისუფალი ადგილები დარჩა. რეგისტრაცია დაიწყება 10 სექტემბერს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 15 სექტემბრის ჩათვლით. დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ვებგვერდის მისამართს: www. Gorikids. Ge“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, მშობლებმა სააგენტოში ჩასარიცხი ბავშვების საბუთების შემდეგი ჩამონათვალი უნდა წარადგინონ - ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (¾); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია; არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან; არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
GMnews-ის ინფორმაციით, პირველადი რეგისტრაციის გამოცხადებისას, წელს, ქალაქის მაშტაბით არსებულ ბაღებში, 787 აღსაზრდელი დარეგისტრირდა, სოფლებში კი, დაახლოებით, 716 აღსაზრდელს მიიღებენ.
 
 
 
 
კვირის ამბები