საზოგადოება
03.09.2020 14:04
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში ჩნდება კომპონენტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, არც ერთი კილოგრამი ვაშლი შეუსყიდავი არ დარჩეს - პრემიერი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიების მსყიდველობითი უნარის გაზრდის მიზნით, საბრუნავი საშუალების თანადაფინანსება მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპანიას ვაშლის შესაძენი თანხის პროცენტს მთლიანად დაუფინანსებს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, საქართველოში წელს ვაშლის უხვ მოსავალს (120 000 ტონამდე) ელოდებიან. აღნიშნული პროგრამის შემუშავებამდე, არასტანდარტული ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა, ამ პროგრამის საშუალებით კი, ნებისმიერი გლეხი და ფერმერი, არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც კრიზისის პირობებში სერიოზული მხარდაჭერაა.

პრემიერის თქმით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არც ერთი კილოგრამი ვაშლი ჩაუბარებელი არ დარჩეს.

„როგორც ჩანს წელს ვაშლის უხვი მოსავალი გვექნება, დაახლოებით 120 000 ტონამდე. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „დანერგე მომავალის“ და სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში განახლდეს და გაჩნდეს ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღები, მაინც ჯერ კიდევ დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი კილოგრამი მოსავალი მაინც უნდა დარჩეს დაუბინავებელი. ამიტომ, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არც ერთი კილოგრამი ვაშლი შეუსყიდავი არ დარჩეს, რაც გულისხმობს სუბსიდირებას. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, კილოგრამი ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა, რამეთუ საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი დაეცა. ამ პროგრამის საშუალებით კი, ნებისმიერი გლეხი და ფერმერი, არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც კრიზისის პირობებში სერიოზული მხარდაჭერაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები