საზოგადოება
03.09.2020 12:58
რეკომენდაციების დარღვევის ფაქტზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება, დაიხურება სკოლა და სანიტარული ნორმები გადაიხედება - ეკატერინე ტიკარაძე
სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მისამართით გაცემული რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ფაქტებზე სახელმწიფოს ექნება მყისიერი რეაგირება, მათ შორის, შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულებაც დაიკეტოს - აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
„არაერთხელ ვეცადე განმემარტა, რომ საჭიროა პირველ რიგში საკუთარი პასუხისმგებლობა ავიმაღლოთ და რეკომენდაციები საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის, ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან, ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება, არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას.
რაც შეეხება რეაგირების ფორმას, რეაგირება იქნება შემდეგი, საჭირო შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და გადაიხედება ყველა სანიტარული ნორმა, საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები და ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ სწავლის განახლების საშუალება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კვირის ამბები