საზოგადოება
03.09.2020 12:37
პირბადეები უნდა ვატაროთ არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას - გიორგი გახარია

პირბადეები უნდა ვატაროთ  არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების, მოხუცების და ბავშვების ჯანმრთელობას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, ინფიცირების რაოდენობის ზრდა ეკონომიკის გახსნისა და ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შეუსრულებლობის ფონზე მოსალოდნელი იყო, ამიტომაც მთავრობის მეთაური მოსახლეობასა და გარკვეულ უწყებებს სიფრთხილის ზომებისა და კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ეკონომიკის გახსნის ძალიან ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით როგორც საერთაშორისო ფრენების, ასევე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი დაიწყება კლასებში და ბავშვები სრულად 15 სექტემბრიდან ივლიან სკოლაში. ეს კიდევ დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე, რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.

ამიტომ შესაბამის სამინისტროებს - შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან, კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რაც საკანონმდებლო დონეზეა დაწესებული. პირველ რიგში, ეს არის პირბადე დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცია. ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი მიღწევების შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები