ხვალინდელი დღე კიდევ უფრო წარმატებული რომ იყოს, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ყველა გამოწვევას თვალებში ჩავხედოთ და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შიდა ქართლსა და გორში ბევრია გაკეთებული და მისივე განმარტებით, ის დაწყებული საქმეები ბოლომდეა მისაყვანი.
„ხვალინდელი დღე კიდევ უფრო წარმატებული რომ იყოს, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ყველა გამოწვევას თვალებში ჩავხედოთ და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. რა თქმა უნდა, ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო და ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის არის აუცილებელი. ძლიერი და განვითარებული რეგიონი საქართველოს ძლიერების საწინდარია და რა თქმა უნდა, საქართველოს ძლიერებაში თავისი წვლილი ამ რეგიონმა, გორმა და კასპმაც უნდა შეიტანოს. ამ მიმართულებით ორი ძირითადი საკითხი შეიძლება გამოიყოს, ესაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
სოფლის მეურნეობა ჩვენი რეგიონისთვის, მართლაც ერთ-ერთი წამყვანი დარგია და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ასობით თანამედროვე ერთწლიანი თუ მრავალწლიანი კულტურის ბაღებს, თანამედროვე ტიპის სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობებს და ეს არის ის, რაც ქმნის დოვლათს, რომელიც აისახება ხვალინდელი დღის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად და სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი უკეთესი დღისთვის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ტურიზმის საკითხსაც უნდა შევეხოთ და უნდა გითხრათ, რომ ჩემი შემდგომი საქმიანობისას, 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვაპირებ ტურიზმის მხარდაჭერას. ახალი ტურისტული მარშრუტები, ახალი ტურისტული ლოკაციების აღმოჩენა, ციხე-სიმაგრეების რეაბილიტაცია, რელიგიური ძეგლების აღდგენა, ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლებზე ზრუნვასაც აქტიურად ვაპირებ შემდგომ წლებში.
ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნის ოკუპაცია და ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია მხოლოდ შრომით, მშვიდობიანი განვითარებით. მშვიდობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან ერთად გავაგრძელოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.