ხელისუფლებისა და თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, იზრუნონ იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორისა და კასპის გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქართველებს მოგვიწია იარაღით ხელში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და მიწის დაცვა, მაგრამ ჩვენ ეს მოგვიწია და ამან თქვენს მხრებზე გადაიარა.
„დარწმუნებული ვარ, გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორელების ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გორელებო, დიდი პატივია დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რა თქმა უნდა, ერთად. თუმცა, ქართლში, ჭეშმარიტად საქართველოს ისტორიულ რეგიონში, ხერხემალში შეუძლებელია ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეები ჩვენი ისტორიის, უახლესი წარსულის არ გავიხსენოთ.
წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქართველებს მოგვიწია იარაღით ხელში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და მიწის დაცვა, მაგრამ ჩვენ ეს მოგვიწია და ამან თქვენს მხრებზე გადაიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გაწირა და ჩვენი ვალდებულებაა, ყოველდღე ისე გავზარდოთ ჩვენი შვილები, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს, მაგრამ ამავდროულად ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ, პირველ რიგში მათზე ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ თქვენ, ქართლელები, გორელები ცხოვრობთ ამ ადამიანებთან და თქვენი გაწვდენილი ხელი არის უფრო ახლო და მე ძალიან კარგად მესმის თქვენი და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვა ჩვენს დევნილებზე. ეს ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.