გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, ფოთში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სპექტაკლს სახელწოდებით - „იდიალური უცნობები“, გორის თეატრის მსახიობები 5 სექტემბერს ითამაშებენ.
თანამედროვე რეჟისორის დავით ჩხარტიშვილის სასცენო ნამუშევარში კობა კოპაძე, ანა მატუაშვილი, სოსო მგალობლიშვილი, მაკა შალიკაშვილი, ომარ ბექაური, ზაზა ცარულაშვილი და თეკლა მარჯანიშვილი მონაწილეობენ. წარმოდგენა კი, 80 წუთი გრძელდება.
„ბავშვობის მეგობრები მთვარის დაბნელების სანახავად შეიკრიბებიან. გადაწყვეტენ მთვარის დაბნელებამდე ტელეფონზე შემოსულ ყველა ზარს ხმამაღალ რეჟიმზე უპასუხონ და ყველა შეტყობინება ხმამაღლა წაიკითხონ. პერსონაჟები ფიქრობენ, რომ ბავშვობის მეგობრებს, ან ცოლ-ქმრებს წესით არაფერი უნდა ჰქონდეთ დასამალი, რადგანაც ერთმანეთის შესახებ ისედაც ყველაფერი იციან. არის თუ არა ეს სიმართლე, თუ ყოველთვის რჩება რაღაც, რაც დაფარულია სხვისი თვალისაგან, ისევე, როგორც მთვარის ბნელი მხარე? ზოგჯერ ამ კითხვებზე პასუხი საუკეთესოდ ჩვენმა ტელეფონმა შეიძლება გასცეს“, - ამბობენ ერისთავის სახელობის თეატრში სპექტაკლის შინაარსის შესახებ.
ცნობისთვის, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეექვსედ ტარდება. კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში, 1-6 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი სპექტაკლები ღია სივრცეში გაიმართება.