კონფლიქტები
02.09.2020 11:32
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო

სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი სოფელ ყარაფილასთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, - აღნიშნულის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ვიზიტისას განაცხადა.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში, საოკუპაციო ხაზთან არსებული რამდენიმე სოფელი მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. თეა ახვლედიანი ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და აქტივობების შესახებ ისაუბრა.

„გამყოფი ხაზის გასწვრივ სამუშაო, გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, ვეწვიეთ გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში ოკუპაციით და მავთულხლართებით ყველაზე დაზიანებულ რამდენიმე სოფელს ვეწვიეთ, სადაც ადგილზე პირადად გავეცანი არსებულ ვითარებას, ასევე, შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, ვიმსჯელეთ მათ საჭიროებებზე ისევე, როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი სოფელ ყარაფილასთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე. ამ თვალსაზრისით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენ განვაგრძობთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, მხარდაჭერის კონსოლიდაციის და ამგვარი ქმედებების აღკვეთის მიზნით,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრი -ხელოვნების სკოლა დაათვალიერა, ასევე, ეწვია სოფელ ნიქოზის ამბულატორიასაც და სამედიცინო პერსონალთან ადგილზე არსებული გამოწვევების შესახებაც იმსჯელა.

სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივი მეწარმე-ფერმერის მიერ საოკუპაციო ხაზთან გაშენებული ნუშისა და კაკლის ბაღებიც დაათვალიერა, ასევე მოინახულა ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმი და ადგილობრივებსა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

კვირის ამბები