საზოგადოება
01.09.2020 12:25
დღეიდან, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების ფარგლებში, დღეიდან, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხდა.
გაბუნიას თქმით, საბაზისო მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები) და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ.
ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი, (0-5 წლამდე ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები და სტუდენტები) 15000 ლარის ნაცვლად, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი გახდა.
„ეს ითვალისწინებს ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და სიმსივნის საწინააღმდეგო სამი ჯგუფის და 21 დასახელების ახალ მედიკამენტის სრულად დაფარვას, რომელიც აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ეს მოხდება კოორდინირებულად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და რეფერარული პროგრამის ფარგლებში, ძალიან მარტივი მექანიზმით. პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება ამ სერვისებისთვის. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი გააგრძელებს ჩვეულებრივად ანგარიშვალდებულების პროცედურებს ახლა უკვე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იმ პაციენტებისთვის, ვინც დღეს ონკოლოგიის პროგრამებით სარგებლობს”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კვირის ამბები