ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის სახლთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია. ცხინვალის მილიციის იზოლატორში სავარაუდოდ წამებით მოკლული 28 წლის ინალ ჯაბიევის ახლობლებმა, გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ კვლავ დაიწყეს შეკრება ადმინისტრაციულ სახლთან. ჯაბიევის ნათესავებს და მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, მთლიანობაში, საპროტესტო აქციაზე 2000-მდე ადამიანი გამოვიდა.
,,გადადექი“, გასამართლდეს ჯაგაევი“, ,,დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები“ - ამ შეძახილებით მიმდინარეობდა აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში, პარალელურად, აქციის მონაწილეთა სხვადასხვა ჯგუფმა რამდენჯერმე სცადა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა.
დე ფაქტო ცხინვალის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნული მოთხოვნები ჯერ კიდევ ორი დღის წინ დააყენეს - დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის - ურუზმაგ ჯაგაევის პოსტიდან გადადგომა, ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმირება და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯა.
ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდებს მისი წინამორბედი - ასევე დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც.
შეგახსენებთ, სამი შვილის მამა, 28 წლის ინალ ჯაბიევი, ოკუპირებულ რეგიონში მოქმედმა ე.წ. სპეცსამსახურმა 26 აგვისტოს, ე.წ. შსს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით სწორედ მაშინ დააკავა, როცა ცხინვალში „დამოუკიდებლობის“ დღეს აღნიშნავდნენ. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის მილიციის იზოლატორში ჯაბიევს ორი დღის განმავლობაში აწამებდნენ, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც გარდაცვლილის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ჯაბიევს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
პროტესტის ფონზე ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შსს მინისტრი ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა და ბიბილოვმა ,,მთავრობა“ დაითხოვა.
ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ საკმაოდ მწვავე განცხადებებს ავრცელებენ: ,,ფაშისტები“, ,,აჰა, თქვენ, ოსეთის დამოუკიდებლობა“, ,,2008 წელს ფაშისტებმა გაიმარჯვეს, სხვა შემთხვევაში, რთულია ასეთი ანტიხალხური მოქმედებების ახსნა“, ,,ესენი ქართველებზე უარესები არიან“, ,,რაც უნდათ იმას სჩადიან“...
ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ინალ ჯაბიევის ნათესავები, იმ ე.წ. სამართალდამცავების მიმართ, რომლებსაც სავარაუდოდ ბრალი მიუძღვით 28 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში, შურისძიებას თავად აპირებენ.