სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა განკარგულება რომლის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დანიშნა. არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა და საზოგადოებას მიმართა. „დღეს, ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად, “- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საფუძველზე, მიმდინარე წლის 21 ივნისს, საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით არჩევნების კონკრეტულ თარიღად 31 ოქტომბერი დაადგინა.
ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ მიღებული ცვლილებებით ეს შესაძლებლობა აღარ არის. კონსტიტუციაში კონკრეტული თარიღია ჩაწერილი და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი.