საზოგადოება
31.08.2020 11:48
გორის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ზემოსხენებული დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.
„ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო კი,დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია. ამიტომ
მოვუწოდებთ მოსახლეობას ითანამშრომლონ ვეტერინართან და დროულად ჩაუტარონ ცხოველებს ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ დაავადების რისკი. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან დასაკავშირებლად, ასევე, ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც: 15 01“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
როგორც GMnews-ისთვის გახდა ცნობილი, ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს კი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ბრუცელოზთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების (სერომონიტროინგი, ვაქცინაცია) ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს.
დღეის მდგომარეობით, ბრუცელოზზე ვაქცინირებულია 7 21 391 სული მსხვილფეხა და 257 706 სული წვრილფეხა პირუტყვი.
კვირის ამბები