31.08.2020 10:59
ბაგა-ბაღებში ჩარიცხული აღსაზრდელების საბუთების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა
კიდევ ერთხელ შევახსენებთ მშობლებს, რომ რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას , - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში. სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბაგა-ბაღებში ჩარიცხული აღსაზრდელების საბუთების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა. მშობლები, რომლებმაც შვილები გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში დაარეგისტრირეს, სააგენტოში (სტალინის 16, მეორე სართული) საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას 4 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ.
„კიდევ ერთხელ შევახსენებთ მშობლებს, რომ რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, მშობლებმა სააგენტოში ჩასარიცხი ბავშვების საბუთების შემდეგი ჩამონათვალი უნდა წარადგინონ - ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (¾); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია; არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან; არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
GMnews-ის ინფორმაციით, წელს, ქალაქის მაშტაბით არსებულ ბაღებში, 787 აღსაზრდელი დარეგისტრირდა, სოფლებში კი, დაახლოებით, 716 აღსაზრდელს მიიღებენ.