საზოგადოება
30.08.2020 19:41
დღეს გერითობაა - ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დღესასწაული

შიდა ქართლში დღეს გერითობას აღნიშნავენ. ეს დღესასწაული ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას უკავშირდება. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნებოდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში.

2008 წლამდე, ამ დღეს, გერის სალოცავში ქართველები და ოსები ღამისთევით მიდიოდნენ მოსალოცად.

გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ერთ-ერთ სასწაულთმოქმედ სალოცავად მიიჩნევა. ტაძარი აგებულია მეექვსე საუკუნეში.

გერის წმინდა გიორგის დღესასწაული აღინიშნება 3-ჯერ, მარიამობის მომდევნო კვირა დღიდან სამი კვირის განმავლობაში, შესაბამისად, თავგერითობა, შუა გერითობა და ბოლო გერითობა ეწოდება.

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ეკლესიის აგება ქართლის მეფეს, ფარსმან მეხუთეს უკავშირდება.

მეფეს ცოლად შეურთავს აფხაზეთის მთავრის ასული, რომელსაც თან გერი მოჰყოლია. დედოფალს მზითვში მოჰყოლია წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები და ხატიც. ფარსმან მე-5 უშვილო გახლდათ და ეს მზითვი თავის გერისთვის უჩუქებია, შემდგომ კი, როდესაც ქვეყანას სპარსელები შემოსევიან, ფარსმანს გერი და ხატი მთაში გაუხიზნავს, მთის წვერზე ეკლესია აუშენებია და ხატი და წმინდა ნაწილები იქ დაუბრძანებია.

გერის წმინდა გიორგის ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალიდან 22 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1400 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.

კვირის ამბები