ოკუპირებულ ცხინვალში მესამე დღეა დაძაბული ვითარებაა. მოსახლეობის პროტესტი და დაძაბულობა ცხინვალში დაკავებული 28 წლის ინალ ჯაბიევის დაკავებას და შემდგომ, წინასწარი დაკავების იზოლატორში მის გარდაცვალებას მოჰყვა.
ერთ-ერთი ვერსიით, ჯაბიევი წამების შედეგად გარდაიცვალა. აქციის მონაწილეები ჯაბიევის გარდაცვალების მიზეზის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
აქციების ფონზე, დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავებმა ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, მანამდე კი, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა.
ცხინვალის ცენტრში შეკრებილებმა ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომაც მოითხოვეს. პროტესტის ფონზე, პოსტი დატოვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმაც.
შეგახსენებთ, ცხინვალში მცხოვრები 28 წლის ინალ ჯაბიევი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
დე ფაქტო მთავრობის დათხოვნის შემდეგ, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას მერაბ ფუხაევი ასრულებს.