გორში, ჟიული შარტავას ქუჩის 1 239 მეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 სექტემბერს დაიწყება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის სატენდერო ღირებულება 1 007 145 ლარია. ცნობილია ისიც, რომ სარებილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ექვს თვეში დასრულდება. რაც შეეხება უშუალოდ განსახორციელებელ სამუშაოებს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. გზის ნაპირას, ასევე, მოეწყობა ღია არხი, რომელიც მონოლითური რკინა - ბეტონის ფილით დაიფარება.
GMnews-ის ინფორმაციით, ზემოხსენებულ ქუჩას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ კი, ქუჩაზე გადადგილება მძღოლებისა და ქვეითებისთვის კონფორტული და უსაფრთხო იქნება.