გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი 176-ე შემოქმედებით სეზონს ოქტომბერში, საპრემიერო ჩვენებით გახსნის. რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, თანამედროვე რეჟისორი მამუკა ტყემალაძე, თეატრისმოყვარულებს ლაშა იმედაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „იესოს საქმე“ წარუდგენს. გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით ჩხარტიშვილის თქმით, სპექტაკლი, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაწყებამდე მიმდინარეობდა, მაყურებლისთვის წარსადგენად მზადაა.
„მოგეხსენებათ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოქტომბრის დასაწყისში თეატრებსაც მოგვეცემა შესაძლებლობა, მუშაობა განვაახლოთ. ამ თვის პირველივე კვირაში, ჩვენ კვლავ შევხვდებით მონატრებულ მაყურებელს. როგორც უკვე გითხარით, სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება ჯერ კიდევ 21-22 მარტს გახლდათ ჩანიშნული, მაგრამ ეს თარიღი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაემთხვა და სპექტაკლიც, ასე ვთქვათ, დავაკონსერვეთ. რაც შეეხება უშუალოდ სცენარის შინაარსს, ეს გახლავთ ფსიქოლოგიური ხასიათის სპექტაკლი, რომელიც ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული და ქრისტეს ჯვარცმის საქმის იურიდიულ განხილვას მოიცავს. წარმოდგენაში ორი მსახიობი - კახა ბერიძე და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობს. დანარჩენს კი, წარმოდგენიდან შეიტყობთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „იესოს საქმე“ არ იქნება ერთადერთი პრემიერა, რომელსაც დეკემბრამდე გავმართავთ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ზემოხსენებული წარმოდგენა ერთმოქმედებიანია და გ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტულ, მესამე სივრცის სცენაზე 1 სთ და 10 წთ. გაგრძელდება.