გაითვალისწინებენ თუ არა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საბავშო ბაღები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, რომელიც 5 კვ.მ-ზე ბავშვების გარკვეული რაოდენობით დაშვებას შეეხება და დაწესდება თუ არა სწავლის დაწყებისას რაიმე სახის შეზღუდვები ბაგა-ბაღებში კორონავირუსის პანდემიის გამო - მშობლებისათვის აქტუალურ კითხვებზე პასუხი, GMnews-მა,
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელისგან მიიღო.
„რამდენიმე ხნის წინ, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ჯანმო-ს რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც სასწავლო ოთახებში ბავშვების შეზღუდული რაოდენობით დაშვებას გულისხმობდა. უნდა აღინიშნოს, რომ რეალურ პირობებში, აღსაზრდელების ნაკადიდან და არსებული სააღმზრდელო დაწესებულებების ფართობიდან გამომდინარე ამის განხორციელება შეუძლებელია, ისევე, როგორც ბავშვებში დისტანცირების დაცვა. სხვა მხრივ კი, ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მზად არიან, შეასრულონ ყველა ის მოთხოვნა, რასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად შეიმუშავებს“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, სწავლის დაწყების დღიდან, ბაღში მისულ პატარებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, ხელები კი, სადეზინფექციო საშუალებებით დაუმუშავდებათ. ამასთან, დაწესებულების შესასვლელში განთავსდება დეზობარიერი. სანიტარული დასუფთავებისას კი, სადეზინფექციო ხსნარები გამოიყენება.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელიც 31 აგვისტოს დასრულდება.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში სწავლის დაწყების თარიღს, ამ ეტაპზე, საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არის მზაობა, რომ სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდეს, თუმცა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლის დაწყების თარიღად 1 ოქტომბერსაც განიხილავს.