საზოგადოება
26.08.2020 13:15
გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 31 აგვისტოს დასრულდება
როდის სრულდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია და არის თუ არა კვლავ თავისუფალი ადგილები, შეიზღუდება თუ არა აღსაზრდელების ნაკადის რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის გამო და როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი პატარებისთვის - მშობლებისთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხის მისაღებად GMnews-ი გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელს ესაუბრა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, მშობლები, რომლებმაც შვილები ბაგა-ბაღებში დაარეგისტრირეს, ვალდებულები არიან, მოთხოვნილი დოკუმენტაცია სააგენტოში (სტალინის 16) 31 აგვისტოს ჩათვლით წარადგინონ.
„მინდა გითხრათ, რომ აღსაზრდელების ჩარიცხვის თაობაზე ჩვენთან შემოსული თითქმის ყველა განცხადება დავაკმაყოფილეთ. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადგილები გადაივსო და მოთხოვნა სწორედ იქ ჩარიცხვაზე მოდიოდა, ამიტომ, მშობლებს საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სხვა ბაღში ჩარიცხვიის ალტერნატივა შევთავაზეთ. მათგან უარი მხოლოდ 9 მშობელმა განაცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კიდევ დარჩა თავისუფალი ადგილები, რომელთა დასაკავებლადაც ხელახალ რეგისტრაციას სწავლის დაწყების შემდეგ, 15 სექტემბრის მერე გამოვაცხადებთ“, - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ასევე, ისაუბრა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომელიც ბაგა-ბაღებში, 5 კვ.მ-ზე ბავშვების გარკვეული რაოდენობით დაშვებას ეხებოდა.
„რამდენიმე ხნის წინ, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ჯანმო-ს რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც სასწავლო ოთახებში ბავშვების შეზღუდული რაოდენობით დაშვებას გულისხმობდა. უნდა აღინიშნოს, რომ რეალურ პირობებში ამის განხორციელება შეუძლებელია, ისევე, როგორც ბავშვებში დისტანცირების დაცვა. სხვა მხრივ კი, ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მზად არიან, შეასრულონ ყველა ის მოთხოვნა, რასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად შეიმუშავებს“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, სწავლის დაწყების დღიდან, ბაღში მისულ პატარებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, ხელები კი, სადეზინფექციო საშუალებებით დაუმუშავდებათ. ამასთან, დაწესებულების შესასვლელში განთავსდება დეზობარიერი. სანიტარული დასუფთავებისას კი, სადეზინფექციო ხსნარები გამოიყენება.
კვირის ამბები