კორონავირუსული ინფექციით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 19 გახდა.
კოვიდინფექციით გარდაცვლილი 65 წლის ქალი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი მკურნალობას სახლში გადიოდა. მისი ინფიცირების წყარო კი ლენჯერს უკავშირდება. ეზუგბაიას განცხადებითვე, პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, იგი მკურნალობას სახლში გადიოდა და უვლიდა მისი და, რომელიც ასევე, კოვიდინფიცირებულია.
,,მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენს მიერ. დაავადება მიმდინარეონდა ორივესთან მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1429 გახდა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 255 ადამიანი.