სპორტი
24.08.2020 18:49
გორის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი ქვიშის ხელბურთში საქართველოს ვიცეჩემპიონია

გორის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი ,,პანდა“ ქვიშის ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ქვიშის ხელბურთის წლევანდელი ჩემპიონატი ორ ტურად ჩატარდა (ორივეს ურეკმა უმასპინძლა).

პირველი ტური, რომელიც ივლისის მიწურულს გაიმართა, გორელებმა III ადგილზე დაასრულეს. დღეს დასრულებულ მეორე ტურზე კი, გამარჯვებულები გახდნენ, თუმცა ორივე ეტაპის ჯამში ეს მეორე ადგილის ტოლფასი გახლდათ.

არადა, ორი ტურის ჯამში, გორის და ქუთაისის გუნდებმა თანაბარი - 200–200 ქულა დააგროვეს, მაგრამ პირად შეხვედრებში ქუთაისს მცირედით უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და ამის ხარჯზე ჩემპიონი გახდა, გორელები კი ვიცე–ჩემპიონობით დაკმაყოფილდნენ.

მეორე ტური, რომელიც 21–23 აგვისტოს მიმდინარეობდა, გორელებმა ჩინებულად ჩაატარეს. ჯერ ჯგუფური ეტაპი მოილიეს წაუგებლად და სძლიეს ,,აჭარას’, ქუთაისის ,,აიას“, წყალტუბოს ,,შადრევანს“ და ,,ბათუმს“.

ნახევარფინალში გასულმა ,,პანდამ“ ,,ქუთაისს“ მოუგო, ფინალში კი, თბილისის ,,ფაკუნდოსაც“ აჯობა.

ფინალური შეხვედრის შემდეგ გამოვლინდნენ სხვადასხვა პოზიციებზე საუკეთესონიც. გორის ,,პანდადან“ ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა გიორგი ვათიაშვილი, საუკეთესო მცველად კი - თორნიკე გაგლოშვილი.

სამართლიანი თამაშის პრიზები მოიპოვეს გორის ქალთა და ფოთის კაცთა გუნდებმა.

აქვე დავამატებთ, რომ გორის ქალ ხელბურთელთა გუნდმა ეს ტური VII ადგილზე დაასრულა, საერთოდ შეჯიბრება კი - მეცხრეზე. ქალთა ჩემპიონატში საუკეთესო ყვარლის ,,დურუჯი“ იყო, მეორეზე ,,აჭარა“ გავიდა.

ორივე (ვაჟთა და ქალთა) გუნდი გორიდან დაკომპლექტებული იყო შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთის სექციის აღზრდილებით.

 

კვირის ამბები