ბოლო 1 წლის განმავლობაში, გორში, ცხოველების წამებისა და დასახიჩრების 18 ფაქტი დაფიქსირდა - ეს სტატისტიკა GMnews-ს ცხოველების უფლებადამცველმა ირმა მთიულიშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, დასახიჩრებული ცხოველებიდან სამი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, დანარჩენი კი, შესაბამისი მკურნალობის შედეგად გამოკეთდა ან კიდურის ამპუტაცია დასჭირდა და სიცოცხლეს ასე აგრძელებს.
,,ეს იყო საშინელი ფაქტები, ჩვენ რისი დაფიქსირებაც შევძელით, გორში, ბოლო 1 წელიწადში, დაახლოებით 18 ფაქტი მოხდა. საკმაოდ მძიმე სტატისტიკაა. ხშირია მიუსაფარი ცხოველების ცემის და დასახიჩრების ფაქტები, ყოფილა შემთხვევა, რომ ცხოველი გაატყავეს, ჯვარზე გაკრული ნაწამები კატაც ვნახეთ. უმრავლეს შემთხვევაში შევძელით მათი გადარჩენა და პატრონიც გამოვუძებნეთ. სულ სამი შემთხვევა იყო, რომ ნაწამები ცხოველი დაიღუპა. ზოგჯერ ისეა დასახიჩრებული, რომ კიდურის ამპუტაცია გვიწევს. ძირითადად, მოზარდები ჩადიან ამგვარ ფაქტებს და მშობლებს ძალიან დიდი ყურადღება მართებთ, ეს არ არის ბავშვური გართობა, თამაში და შეიძლება ამ ყველაფერმა მოზრდილობაში ძალიან მძიმე ფორმით იჩინოს თავი“, - განაცხადა ირმა მთიულიშვილმა.
არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, მთიულიშვილი ცხოველების უფლებების დაცვის მიმართულებით კანონის კამკაცრების და ახალი რეგულაციების ამოქმედების ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის.