საზოგადოება
24.08.2020 14:09
ნადირობის სეზონი გაიხსნა - ნახეთ, რა სიახლე დაინერგა ნადირობის მოყვარულებისთვის

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი, გასული წლის მსგავსად, აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნა, შესაბამისად, 22 აგვისტოდან, ნადირობა ნებადართულია.

ამ დრომდე თუ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველები ვალდებულნი იყვნენ, ნადირობისას თან ჰქონოდათ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამიერიდან, ქვითრის ტარების აუცილებლობა აღარ დგას.

„მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან, ძალაში შევიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც, მონადირეებს, ნადირობის დროს, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის მატერიალური სახით წარდგენის ვალდებულება აღარ აქვთ. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ms.emoe.gov.ge) შეიქმნა და დაინერგა ელექტრონული მოდული „სახაზინო კოდი - 3033 გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის გადახდის თაობაზე“, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს საშუალებას მისცემს, ელექტრონულ სისტემაში გადაამოწმოს მოსაკრებლის გადახდის ფაქტი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსაკრებლის გადახდა ხაზინაში შესაძლებელია აისახოს არამყისიერად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, მოქალაქემ თან უნდა იქონიოს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ხოლო შემდგომში ამის ვალდებულება მას არ ექნება“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

შეგახსენებთ, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ტრადიციულად, აგვისტოს მე-4 შაბათს იხსნება და 1-ელ მარტამდე გრძელდება.

კვირის ამბები