დუშეთის რაიონში, ბარისახო-შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, 24 და 25 აგვისტოს, შიდა ქართლში დაგეგმილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადაიდო, - აღნიშნულ განცხადება ს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
,,შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, 24 და 25 აგვისტოს, შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს”,- ნათქვამია პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე, გუშინ, 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ გიორგი გახარიას შესაბამისი განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბარისახო-შატილის გზაზე გუშინ, 23 აგვისტოს მოხდა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მიერ დაქირავებული მიკროავტობუსი 80 მ. სიმაღლიდან ხევში გადავარდა. სატრანსპორტო საშუალებაში 20 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 17 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.