საზოგადოება
24.08.2020 11:16
ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ბარისახო-შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს დილით მოაწერა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბარისახო-შატილის გზაზე გუშინ, 23 აგვისტოს მოხდა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მიერ დაქირავებული მიკროავტობუსი 80 მ. სიმაღლიდან ხევში გადავარდა. სატრანსპორტო საშუალებაში 20 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 17 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

ცხედრებისა და დაშავებულების ხევიდან ამოყვანის ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ღონისძიბებებში შსს-ს ათობით მეხანძრე-მაშველი და სხვა დანაყოფების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

კვირის ამბები