კონფლიქტები
21.08.2020 16:49
საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის განაპირას დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ახლახანს გახდა ცნობილი.

მღებრიშვილის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დაკავებულის გასათავისუფლებლად ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

დაკავებულის ძმის, ჯუმბერ მღებრიშვილის თქმით, თუ 10 დღის ვადაში არ მოხდება ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლება, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

შეგახსენებთ, მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშრობის კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.

კვირის ამბები