სპორტი
21.08.2020 10:22
გორელმა მაყაშვილმა ჩეხი ნოკაუტით დაამარცხა

„ბზიკის“ მეტსახელით ცნობილმა გორელმა მებრძოლმა ლევან მაყაშვილმა ჩეხი რომან დიკი დაამარცხა ACA 109 (Absolute Championship Akhmat) ეგიდით გამართულ პაექრობაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ ლოძში ჩატარდა.

24 წლის ტანმაღალი ჩეხი მებრძოლი ქართველ მეტოქეს ერთხანს კი უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ 31 წლის გამოცდილმა მაყაშვილმა, იგი მეორე რაუნდში, უძლიერესი დარტყმით, ნოკაუტში ჩააგდო და შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მოსაგებად ლევანს 4,5 წუთი დასჭირდა.

მაყაშვილი, რომელსაც 21 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 17 მოგებით იწონებს თავს, ამ შეხვედრისთვის აქტიურად ემზადებოდა. ლევანს აქამდე მხოლოდ 3 მარცხი ჰქონდა ნაწვნევი და აქედან ერთი სწორედ წლეულს თებერვალში წააგო.

ამიტომ, მოგებებს მიჩვეული გორელი მებრძოლი მარცხს არ შეგუებია და მორიგი წარმატებით ხასიათი გამოიკეთა.

მაყაშვილი რამდენიმე წლის წინ UFC-ს მებრძოლიც გახლდათ. ლევანი ძალიან შეუპოვარი, ჟინიანი და ტექნიკური მებრძოლია და მიუხედავად ასაკისა, არაერთი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ აქვს.

კვირის ამბები