საზოგადოება
20.08.2020 12:28
თითოეული მოქალაქე, ვინც სიმსივნეს ებრძვის, მკურნალობის სრულ კურსს ჩაიტარებს ყველანაირი პირადი გადასახადის გარეშე - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ონკოლოგიური პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გააჟღერა. გიორგი გახარიას თქმით, სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან გადახდა უწევდათ. თუმცა, ახლადშემუშავებული პროგრამის მიხედვით, ფაქტობრივად ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მიეცემა შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს.  

პრემიერის თქმით, ამ პროგრამით საქართველოს 1974 მოქალაქე სარგებლობს და თითოეული მათგანისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.

„მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობა. იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8000 ლარით გაზრდის შესახებ, რაც ფაქტობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, მისცემს შესაძლებლობას ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, ყველანაირი პირადი გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, დღეს ამ პროგრამით საქართველოს 1974 მოქალაქე სარგებლობს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები