15 აგვისტოდან 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებაზე ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარეობს. თუმცა, ფაქტია, რომ მომხმარებელთა ნაწილი რეგისტრაციის პროცესში სხვადასხვა სირთულეს აწყდება. სამინისტროში დაადასტურეს, რომ რეგისტრაციის მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, პორტალზე გარკვეული ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა.
GMnews შეეცადა მომხმარებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე მოეძიებინა პასუხი, მაგალითად, შეიძლება თუ არა რეგისტრაციისას სოციალური ბარათის ანგარიშის მითითება, ან იმ ადამიანებს, რომლებსაც ანგარიშზე სესხი უფიქსირდებათ, ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვის შემთხვევაში, ჭამოეჭრებათ თუ არა თანხა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ რეგისტრაციისას შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ანგარიშის მითითება, მათ შორის სოციალური ბარათის ანგარიშის, რაც შეეხება საბანკო დავალიანების შემთხვევაში სახელმწიფო დახმარების ჩამოჭრას, სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს თანხა არ ჩამოეჭრებათ.
ჯანდაცვის სამინისტომ 15 აგვისტოსვე გაასაჯაროვა იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელთაც შეგიძლიათ მიმართოთ რეგისტრაციის დროს შექმნილი სირთულეების შემთხვევაში და საჯარო სამსახურის თანამშრომლები დაგეხმარებიან რეგისტრაციაში.
„იმ ადამიანებს, რომლებიც ელექტრონულ პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებენ, შეუძლიათ მიმართონ: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ან ადგილობრივ თვითმმართველობებს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; ასევე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge და რეგისტრაცია პირველ დეკემბრმდეა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, თანხა სექტემბრიდან, ეტაპობრივად ჩაირიცხება.