პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყველა სფეროზე, მათ შორის - ვალუტის გადამცვლელი ობიექტების ბრუნვაზეც.
GMnews-ი დაინტერესდა გორში მოქმედ სავალუტო პუნქტებში არსებული მდგომარეობით. აღნიშნული ობიექტების მეპატრონეები აცხადებენ, რომ ვალუტის გადაცვლამ და ვაჭრობამ მნიშვნელოვნად იკლო.
,,უკიდურესად შემცირებულია ვაჭრობა, გადაჭარბებული არ იქნება თუ გეტყვით, რომ 50%-ზე მეტი მაჩვენებლით შემცირდა. ბუნებრივია, ამაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას - ეკონომიკური ზრდის ტემპი არ იზრდება, შემცირებულია საქართველოში შემომავალი დოლარის და სხვა უცხოური ვალუტის ნაკადები, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში და გორშიც, პანდემიის გამო შეჩერდა უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტული ნაკადების შემოსვლა, შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახა სავალუტო ბაზარზე. ფაქტობრივად, მოგება რაც გვაქვს, არსებულ გადასახადებს და ობიექტის ფართის ქირას ძლივს ფარავს”, - აცხადებენ GMnews-თან საუბრისას სავალუტო პუნქტების მფლობელები.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა 31 მარტიდან შეჩერდა და სავალუტო პუნქტებმა ფუნქციონირება 8 ივნისიდან განაახლეს.