საზოგადოება
17.08.2020 14:10
როგორ მოხერხდება გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეებს შორის 1 მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ დაწესებული რეგულაციის დაცვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე მუშაობს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი რეკომენდაცია საკლასო ოთახებში მოსწავლეთა შორის დისტანციის დაცვას შეეხება, თუმცა, GMnews-ის ინფორმაციით აღნიშნული რეგულაციები ჯერ დამტკიცებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო სკოლებში 1 მეტრიანი დისტანციის დაცვის რეგულაციას საბოლოოდ შეიმუშავებს, როგორ განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში აღნიშნული ნორმის დაცვა - ამ საკითხის გასარკვევად GMnews გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ნანა ტერმაკოზაშვილს დაუკავშირდა.

„კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, როგორც მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრო სკოლების ფუნქციონირებისთვის რეგულაციებზე მუშაობს. ერთ-ერთი რეგულაცია კი, საკლასო ოთახებში 1 მეტრიანი დისტანციის დაცვას ეხება. აღნიშნულთან და სხვა სახის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი ჯერ არ მიგვიღია, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა რეკომენდაციების პარალელურად, 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა საბოლოოდ დარჩება ძალაში, მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერზე ოფიციალურად გვეცნობება, დავიწყებთ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. როგორც ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილია, რეკომენდაციებთან ერთად მივიღებთ რამდენიმე სავარუდო ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ და შევძლებთ რეგულაციების დასაცავად ცვლილებების განხორციელებას. მოხდება თითოეული სკოლის კლასკაბინეტების, არსებული ფართის, მოსწავლეთა რაოდენობის დათვლა და იმის განსაზღვრა, ინდივიდუალურად სად, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.

გამორიცხული არ არის, ზოგ შემთხვევაში მიზანშეწონილად ჩაითვალოს კლასის გაყოფა, ან ცვლის დამატება და ა.შ. თუმცა, ვიდრე არ მივიღბთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზეა“, - განაცხადა GMnews-სთან გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში 67 საჯარო სკოლაა.

კვირის ამბები