17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლა უკვე შესაძლებელია. პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე უკვე ამოქმედდა, თუმცა, დილიდან გარკვეული შეფერხებებით ფუნქციონირებს.
,,ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად შესვლამ გამოიწვია, ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის. სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა“, - ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ახლახანს გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება დახმარების მიღების მსურველთა რეგისტრაციას - რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge
„ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სამინისტროს განმარტებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.
ცნობისთვის, აღნიშნული დახმარება ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეუძლიათ. დახმარების მიღება კი, შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.