საზოგადოება
15.08.2020 14:45
შიდა ქართლში არსებულ 10 დევნილთა დასახლებაში გზისა და წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 7,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შიდა ქართლის რეგიონის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. როგორც რეგიონული განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშაოებისთვის, საერთო ჯამში, 7,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სამუშაოები კი დროზე ადრე დასრულდა.

„საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, შიდა ქართლის რეგიონში არსებულ დევნილთა 10 დასახლებაში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. სამუშაოებს, ჯამში 7,2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. გზისა და წყალმომარაგების სამუშაოები 11 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა, მოეწყო 2 ჭაბურღილი და 9 სხვადასხვა მონაკვეთზე, ჯამში, 14 კმ. სიგრძის გზა დაიგო. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხები და ეზოში შესასვლელები ცხაურებით.

აღნიშნული სამუშაოები 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში, ვადაზე ადრე დასრულდა“, - ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 10 დასახლებაში: წეროვანში, ახალსოფელში, ბერბუკში, თელიანში, მეტეხში, მოხისში, სკრაში, ხურვალეთში, შავშვებსა და გუგუტიანთკარში.

კვირის ამბები