17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ. სპეციალური პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე სწორედ ხვალიდან ამოქმედდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ელექტრონული რეგისტრაციისას მშობელმა უნდა განათავსოს შემდეგი ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.
სამინისტრო ასევე განმარავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.
ცნობისთვის, აღნიშნული სოციალური დახმარება ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი, შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.