საზოგადოება
14.08.2020 14:11
კორონავირუსი გორში კიდევ ერთ მედდას დაუდასტურდა

კორონავირუსული ინფექცია მედიცინის კიდევ ერთ მუშაკს დაუდასტურდა. ჩატარებული ტესტირებისას, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას კოვიდ-19 დაუდგინდა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფიცირებულთან პირდაპირ და არაპირდაპირ კონტაქტში მყოფ პირთა დადგენა და დაწყებულია ღრმა ეპიდკვლევა.

,,სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა ინფიცირების მესამე შემთხვევა გვაქვს გორში, კოვიდინფექცია ჰოსპიტალის მედდას დაუდგინდა. დადგენილია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. აღებულია ნიმუშები და გაგზავნილია ლაბორატორიაში. რაც შეეხება წინა ორ შემთხვევას (ექიმს და მედდას), ყველა კონტაქტის დადგენის საფუძველზე ჩატარდა ღრმა ეპიდკვლევა და ინფიცირების ახალი ფაქტები არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა მარი გიუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ამავე სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდინფექცია კიდევ ორ თანამშრომელს - ექიმს და მედდას დაუდასტურდა.

 

კვირის ამბები