გორში ფილმების ხუთღიანი მინიფესტივალი მიმდინარეობს. CinéDOC On Tour-ის ფარგლებში, კინოჩვენებები 17 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს კინოსეანსზე დასწრება კულტურისა და დასვენების პარკში (ახალბაღი), ყოველ საღამოს 21:00 საათზე შეუძლიათ.
GMnews-ის ინფორმაციით, ფესტივალი, გუშინ, პოლონური საპრემიერო ნამუშევრით - „სიყვარულის გაკვეთილები“ გაიხსნა. დღეს კი, ორგანიზატორები კინომოყვარულებს რეჟისორ გიორგი ცხვედიანის ნამუშევარს - „ნიკოს გზა“ - ს, „ბაზიერს“ (რეჟისორი სიმონ ლერენგ ვილმონტი) და „შემოდგომის უკანასკნელი დღე“-ს (რეჟისორი მარიოლაინ პერეტენი) შესთავაზებენ.
მომდევნო დღეების საფესტივალო პროგრამა კი ასე გამოიყურება:
15 აგვისტო - „ხელმწიფე“ (რეჟისორი: შალვა შენგელი); 16 აგვისტო -
„საყვარელი ქალიშვილი“ (რეჟისორი: თინა მედისონი); 17 აგვისტო - „ტრანსფერი საქართველოში“ (რეჟისორი ნათია არაბული-ვეგერი), „ცეკვის გაკვეთილები“ (რეჟისორი: კამილა მაგიდი)
პროექტის ორგანიზატორის, სოსო მეზვრიშვილის თქმით,
CinéDOC On Tour-ის ფარგლებში, გორში, მინიფესტივალი უკვე მეორედ იმართება. გასულ წელს, ფესტივალმა 1800-ზე მეტი მაყურებელი მოიცვა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფილმების ჩვენების ტრადიცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.