გორის კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ცის ქვეშ, ორი დღის (12–13 აგვისტო) მანძილზე მიმდინარეობდა შიდა ქართლის პირველობა 3X3 კალათბურთში.
შეჯიბრებაში შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური) 15 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ჯგუფებში იყვნენ გადანაწილებულნი. პირველ დღეს ჩატარდა ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, მეორე დღეს – ფლეი ოფის მატჩები.
სამივე საპრიზო ადგილზე გორის გუნდები გავიდნენ. ტურნირის გამარჯვებული გახდა ,,კინგსი“, რომელმაც ფინალში 16:12 დამაარცხა ,,ბიგ Z“. მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა სახელწოდებით ,,24“. ორგანიზატორებმა საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადასცეს ფულადი ჯილდოები. I ადგილი 500 ლარი, II - II – 300 ლარი, III – 200 ლარი.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ვოვა თავაქარაშვილი, ანდრო ფერსაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ფრიდონ კოპალიანი. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ვოვა თავაქარაშვილი დაასახელეს.
შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის ფედერაცია, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და გორის მუნიციპალიტეტის მერია.
,,გვინდოდა, პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, კალათბურთი გამოცოცხლებულიყო ჩვენს რეგიონში და ეს ტურნირიც ამიტომ დავგეგმეთ. სასიხარულოა, რომ შეჯიბრებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩვენი იმედები გაამართლა. გუნდებიც მთელი რეგიონიდან შეიკრიბნენ. სასიამოვნო იყო, რომ ისეთი პატარა დაბიდან როგორიც აგარაა 4 გუნდი იყო ჩამოსული. მათ კარგად იასპარეზეს, თუმცა გორის გუნდებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და მედლებიც მოიპოვეს. მინდა მადლობა გადავუხადო შეჯიბრების ყველა მონაწილეს და მათ, ვინც გვერდით დაგვიდგა ტურნირის ორგანიზებაში“ – გვითხრა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის ფედრაციის პრეზიდენტმა თამაზ ხაჩიურმა.