კულტურა
17.10.2019 11:39
თურქეთში გასაყიდად გამზადებული იაკობისეული კარადის ისტორია - რა ბედი ეწია მუზეუმის ექსპონატს

მუზეუმისთვის, სამეცნიერო წრეებისთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თუ მუზეუმის ექსპონატია დიდი მწერლისეული ნივთი, ვიღაცისთვის მხოლოდ ანტიკვარული ავეჯია, რომელსაც სოლიდური მატერიალური ღირებულება აქვს და მისი სარფიანად გაყიდვა შეიძლება. სწორედ ამ მიზნით გაჰქონდათ თურქეთში გასაყიდად იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან მოპარული კარადა. ფაქტი გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა. მუზეუმის იმჟამინდელ დირექტორს, ვაჟა კოკაურს, პოლიციის გარდა, ყველა ახლობელ-ნაცნობისთვის მიუმართავს დახმარების თხოვნით, ბოლოს კი, ცნობილ სპორტსმენს, ვარიანელ გიორგი კანდელაკს მოუხერხებია ნაქურდალი კარადის ადგილსამყოფელის დადგენა - ექსპონატი ქობულეთში უპოვიათ, როგორც გაირკვა, გასაყიდად თურქეთში მიჰქონდათ. იაკობის კარადა ,,დედაენის“ ავტორის მუზეუმს დაუბრუნდა.  კარადასთან ერთად დაკარგულა მწერლისეული ხელჯოხი და ხალიჩაც, თუმცა, აღნიშნული ნივთების პოვნა ვეღარ მოხერხდა.

საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან, მალე 179 წელი შესრულდება. იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. გოგებაშვილი გამუდმებით ცდილობდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის შეეწყო ხელი და საკუთარ სახლში სკოლა გახსნა, სადაც გლეხების შვილებისთვის სწავლა-განათლება სრულიად უფასო იყო. 1958 წლიდან კი, იაკობის სახლში, მისივე სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის თანამშრომლებმა, საზოგადო მოღვაწის შთამომავლებისგან, თანასოფლელებისა თუ მისი თანამედროვეებისგან, მწერლის ცხოვრების ამსახველი ნივთები და დოკუმენტები მოიძიეს. მუზეუმის საცავში, ამჯერად, 1640-მდე ექსპონატი ინახება, თუმცა, მუზეუმის დირექტორის, ნათია ადუაშვილის თქმით, იაკობ გოგებაშვილის პირადი საკუთრებიდან მხოლოდ 22-ია: ფოტოდედნები, დოკუმენტები, საოჯახო ალბომი, საწერი მაგიდა, სარკე, კარადა, საწოლი, რომელშიც დიდი საზოგადო მოღვაწე გარდაიცვალა და „დედაენა“ - 208 გვერდიანი წიგნი, პირველი გამოცემის ნიმუში, სიძველისგან გაყვითლებული ფურცლებითა და მუქი წითელი ყდით.

იაკობ გოგებაშვილმა, 1912 წელს ანდერძი დაწერა, რომლის თანახმადაც, საკუთარი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. კარადა კი, რომელზეც GMnews-მა გიამბოთ, ძმისშვილს, ალექსანდრე გოგებაშვილს სიცოცხლეშივე აჩუქა.

კვირის ამბები