სასწავლო დაწესებულებების განტვირთვისა და 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ განაცხადა.
„ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნეს შაბათის დღე, როგორც სასწავლო დღე იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს განტვირთული შენობები და დავიცვათ 1-მეტრიანი დისტანცია მოსწავლეებს შორის“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილი სთქმით, ყველა სკოლას ექნება საშუალება თავად დააორგანიზოს სასწავლო პროცესი.
„სკოლას შეუძლია, რომ თავად განსაზღვროს სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილის ხანგრძლივობა, ასევე შესვენებები დააორგანიზოს შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ცვლები. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული მოკვლევა, თუ რა რაოდენობის მოსწავლეები სწავლობენ სკოლებში. ჩვენ გვაქვს სკოლები, სადაც არის 1-დან 50 ბავშვამდე, ასევე არის სკოლები, სადაც 2000-ზე მეტი მოსწავლეა, ასევე, ერთცვლიანი სკოლები არის 1800-ზე მეტი, ორცვლიანი სკოლები 200-ზე მეტია. მხოლოდ 10 სკოლაშია დღეს სამცვლიანი სწავლება. იმისთვის, რომ მეტი მოქნილობა ჰქონოდა სკოლებს, ჩვენ ვთავაზობთ რეკომენდაციას, როგორც უკვე აღვნიშნე სასწავლო პროცესის დაწყების, გაკვეთილის ხანგრძლივობისა და შესვენების დაორგანიზების კუთხით. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ყველა საჯარო სკოლას ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფს.