სასწავლო პროცესი 15 სექტმბერს დაიწყება, სკოლებში კი, 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მოსწავლეები 15 სექტემბერს გარკვეული რეგულაციებით შეძლებენ საკლასო ოთხებს დაუბრუნდნენ.
„განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის. მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებაა, ესენია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების შესაფერისი წესით გამოყენება, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თითოეული ამ მიმართულებით დეტალური რეკომენდაციები არის ჩაშლილი. დისტანცია 1 მეტრი - ესაა მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული, პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, იქ დასაქმებული მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.