სპორტი
13.08.2020 21:13
,,სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები" და შიდა ქართლის სოფლებში გამართული სპორტული ღონისძიებები

პროექტის ფარგლებში - ,,სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები",

შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში, 12 აგვისტოს გაიმართა სპორტული ღონისძიებები.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანის, ასევე კარალეთის დევნილთა დასახლებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის სტადიონებზე, ათობით ბავშვმა მოიყარა თავი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ამ ღონისძიებებზე ბავშვებს გადაეცათ ბურთები, მაისურები, ნიშნულები და სხვა.

ბავშვებთან სხვადასხვა აქტივობებში, შიდა ქართლელ მწვრთნელებთან ერთად, ჩართულები იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან - მამუკა კვარაცხელია, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი და ჩვენი ქვეყნის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი ნინო სუთიძე.

,,სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები" ათეული წლების მანძილზე დანიაში წამოწყებული პროექტია, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, დიდი ხანია ხორციელდება.

,,მიმდინარე წელს, პანდემიის გამო ცალკეულ ლოკაციაზე მასშტაბური ღონიძიების გამართვა ვერ ხერხდება, ამიტომ, სექტემბრის ბოლომდე, შიდა ქართლის რეგიონში 30–მდე ასეთი ღონისძიებაა დაგეგმილი და ჯამში, 300-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე რევაზიშვილმა.

ორგანიზატორები უახლოეს ხანში ანალოგიური სპორტული ღონისძიებების გამართვას გეგმავენ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

 

კვირის ამბები