საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევების დროს დასახიჩრებულ და დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა.
უწყების ცნობით, მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, 2020 წლის 6 თვეში მომხდარი ავარიების შედეგად საქართველოში დაიღუპა 203 და დაშავდა 3 000-მდე ადამიანი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში - იანვარში, თებერვალსა და მარტში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 1610 ადამიანი დაზარალდა, ხოლო 134 დაიღუპა. პირველ კვარტალში 16 წლამდე 8 მოზარდი დაიღუპა, გარდაცვლილია 33 ქვეითად მოსიარულე.
2020 წლის პირველ 3 თვეში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე მომხდარი ავარიების დროს 18 ადამიანი დაიღუპა და 101 დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, თბილისის შემდეგ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია.
საგზაო შემთხვევათა გამომწვევ ძირითად მიზეზებად სახელდება: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.